არასამთავრობო სექტორს სჭირდება გადატვირთვა, რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ამ სფეროში დომინირებს და სხვა ორგანიზაციებს თრგუნავს - შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2023, 13:51 796 ნახვა

ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას. კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არსებობს ფარისევლობის სახით, რაღაცნაირად უნდა გადალახონ, გადატვირთონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, არასამთავრობო სექტორში რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაცია დომინირებს.

"რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც დომინირებს ამ სფეროში, თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, რომელთა უმეტესობა, 99 პროცენტი დაკავებულია სოციალური, საგანმანათლებლო თუ სხვა საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში. რამდენიმე დომინანტი ორგანიზაციაა, რომლის მიმართაც პატარა ორგანიზაციებს შიში და რიდი აქვთ, სწორედ იმის გამო, რომ იციან, ამ ორგანიზაციებს აქვთ უნარი, სხვა ორგანიზაციები ჩარეცხონ, გარიყონ, არ მიაკარონ ფონდებს. ამის გამო სხვა ორგანიზაციებში გარკვეული შიშია ე.წ. დომინანტი ორგანიზაციების მიმართ. ვფიქრობ, შიგნით სამოქალაქო სექტორში მათ უნდა განიხილონ ეს საკითხი, რაღაცნაირად მოახერხონ და გადატვირთონ ეს სიტუაცია.

რაც შეეხება გავლენებს, როგორც ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმაც განაცხადა, სამ დეპუტატზე იყო ზეწოლა. ვფიქრობ, როგორც სახალხო დამცველის მოვალეობაც არის, ამ საკითხით აქტიურად დაინტერესდეს. მოგიწოდებთ, იმ სამ დეპუტატსაც ჰკითხოთ, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სამ ქალ დეპუტატზე ოპოზიციიდან მიდიოდა ზეწოლა, რომ მათ ხმა მიეცათ სახალხო დამცველთან დაკავშირებით არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ ზეწოლის ქვეშ. ეს არის პირდაპირ ზეწოლა დეპუტატზე და თავისუფალ მანდატში ჩარევა. არსებობს ეჭვი, რომ ესენი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას საქართველოს პარლამენტის წევრებზე. ვფიქრობ, პირველ რიგში, ამ სამი დეპუტატის ვალდებულებაა, დაასახელონ, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. ვფიქრობ, ომბუდსმენის მხრიდანაც იქნებოდა კარგი, თუ ისიც დაასახელებდა, ვინ ახდენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, ვინ არიან ადამიანები თუ ორგანიზაციები, ვინც პოლიტიკაში, დემოკრატიულ პროცესში იძულებისა და ზეწოლის გზით ერევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული აქტივისტები თუ ე.წ. ცნობადი სახეები პირდაპირ ჩართული არიან ადამიანის მიმართ ზიზღის გაღვივების კამპანიაში.

"ადამიანები პირდაპირ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკური მეთოდებით არიან დაკავებული, როდესაც ასე კარდაკარ, აკითხავდნენ ადამიანებს, რათა საკუთარი ზიზღი გამოეხატათ, ამით არინა დაკავებული, რადგან დღეს სოციალური მედია არსებობს - ვიღაცის „ინბოქსში“ შევარდნითა და მის მიმართ ზიზღის გამოხატვით.

ზიზღის კულტივირება ხდება არა მხოლოდ პოლიტიკოსების მიმართ, არამედ მათი ოჯახის წევრების, მცირეწლოვანი შვილების მიმართ. ეს ხდება დღეს 21-ე საუკუნეში, ქართულ საზოგადოებაში. ეს სპექტრი, რომელიც ამ ზიზღს აღვივებს ყოფილი სახალხო დამცველის ხელმძღვანელობით, რომელმაც ზიზღის გამაღვივებელი, ფაშისტური მოწოდებები გააკეთა, მისი თამადობითა და დომინანტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც ყოველ მეორე დღეს სემინარს ატარებენ ადამიანის უფლებებზე, შემწყნარებლობაზე. ტოლერანტობაზე, სხვა თემა ხომ მაგათ არ აქვთ, თავად არიან ზიზღის გამღვივებლები, ადამიანის გარიყვისაკენ მომწოდებლები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში