პროკურატურამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის, ნივთის დაზიანების და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

17 მარტი 2023, 18:57 511 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის, ნივთის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 მარტს, ოზურგეთში, ბრალდებული „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით დაემუქრა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე, მან ჟურნალისტის მობილური ტელეფონი დააზიანა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა), 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში