სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი - რატი ბრეგაძე

20 მარტი 2023, 15:57 986 ნახვა

სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

"მსურს, გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. აქვე, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს შევთავაზეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, ჩამოეყვანათ ექიმები, ვგულისხმობ უცხოელ ექიმებს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, რათა ჩართულიყვნენ მისი მკურნალობის პროცესში. შემდგომში, სამი დღის წინ კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია, სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განმარტებით, დღეს მთავრობის სხდომამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმა და არ ყოფილა შესული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რამე განცხადება, რომლის მიხედვითაც ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვას.

"მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ შემდგომში ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ მსჯავრდებულ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, საქართველოში, იმ კლინიკაში, სადაც ის ახლა მკურნალობს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის განმარტებით, სააკაშვილის ადვოკატებმა გასულ წელს მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და ვნახეთ, რა შედეგიც დადგა, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს, წელს მიმართავენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია.

"ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა უფლება, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს, არის მკაფიოდ დაცული. მას დაახლოებით უკვე 2 ათას ვიზიტორამდე ჰყავდა. თუ სჭირდება მას მკურნალობა, მკურნალობს შესაბამის კლინიკაში და უბრალოდ, ფიზიკურად რთულია, წარმოვიდგინოთ, რომელი უფლების დარღვევაზე შეიძლება, ჰქონდეს საუბარი დაინტერესებულ მხარეს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცოტა ხნის წინ, საკითხს ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში