სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “კორტების საქმეზე”

23 მარტი 2023, 20:17 544 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ დღეს ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულ საქმეზე მომჩივნები არიან ირაკლი ფირცხალავა, რომელიც  სპეცოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო  და გიორგი ცააძე, რომელიც ამავე უწყებაში  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 2006 წელს დაწყებული პირველადი გამოძიება გაყალბებული მტკიცებულებებით ჩატარდა და  2007 წლის აპრილში შეწყდა. 2012 წელს ხელახალი გამოძიების შედეგად კი  სასამართლომ  ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით . განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების პოზიცია, რომ სროლა არ ყოფილა პროვოცირებული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მიერ და მათი მანქანიდან გასროლა მომჩივნების მისამართით არ მომხდარა. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მიხედვით სიცოცხლის უფლების დარღვევას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში