ჩვენ გვინდა ვნახოთ, საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი - ანალენა ბერბოკი

24 მარტი 2023, 13:00 579 ნახვა

ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანიის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის დიდი ინტერესი ვლინდება.

„დიდი მადლობა ამ მეგობრული მიღებისთვის თბილისში. გერმანიაში უდიდესი ინტერესია საქართველოს, ადამიანების, ისტორიის, საოცარი ბუნების და სამზარეულოს მიმართ. ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის ზრდაში - იმ ადამიანების რაოდენობა იზრდება, ვისაც საქართველოში ტურისტად ჩამოსვლა უნდა. ადამიანებისთვის, ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა არ არის მარტივი, მათ შორის, ჩემთვისაც. ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისთვის...

გუშინ ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი თბილისი, არაჩვეულებრივი არქიტექტურით, სადაც გერმანული არქიტექტურა შინაურია. ეს უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას...

ინტერესი საქართველოს მიმართ იმგვარად ვლინდება, რომ ჩვენ, გერმანიაში, გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ევროპული დროშები ფრიალებდა. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის არამხოლოდ შანსი, არამედ ევროპული ღირებულებების რწმენა. ასევე, არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წელმა. ადამიანების, საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით. ჩვენ გვინდა ვნახოთ, საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ. გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ...

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, ასევე, შემდგომი პროცესის თვალსაზრისით. არსებობს 12 პრიორიტეტი, რათა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. დეტალურად ვისაუბრეთ ამაზე და ბუნებრივია, ერთობლივი მუშაობა არის აუცილებელი. გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის საზოგადოებაში. ამიტომ, აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოს საქართველომ.

საქართველოს მთავრობა მხოლოდ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე. პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება საქართველოს ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთიბლივადაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გასაძლიერებლად. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა, რადგან ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე.

სწორედ ამიტომ არაოფიციალურო დევიზი ევროკავშირისა არის „ერთობა სიმრავლეში“. სამომავლოდ გვინდა საქართველოსთან ერთად ამის განხორციელება. ამიტომ, აუცილებელია დრო აღარ დაიკარგოს. ეს არის მომენტი ისტორიაში, როდესაც ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების საფუძველზე გავაგრძელოთ და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ"- აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში