ევროპული პერსპექტივის მინიჭებით სპეკულაცია და ვარაუდი, სად დგას საქართველო, მოიხსნა, ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში - პრემიერი

24 მარტი 2023, 13:38 716 ნახვა

ვინ გვესაუბრება ევროინტეგრაციაზე  და ვინ პირდება ჩვენს მოსახლეობას ევროპულ მომავალს. კიდევ ვუბრუნდები იმ საკითხს, რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული გადაწყვეტილება.

"ევროპული პერსპექტივა არის, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. მანამდე, თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის დედაქალაქებში, ზოგი გეოგრაფიას მოიხსენიებდა, ზოგი ძალიან ბევრ კრიტიკას გამოთქვამდა, მათ შორის, ახსენებდნენ რუსულ ოკუპაციას და ა.შ. ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ყოველგვარი სპეკულაცია და ვარაუდი, სად დგას საქართველო, მოიხსნა. ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის უბრალოდ სიმბოლური გადაწყვეტილება, მაგრამ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ. დარჩენილი არის ერთადერთი შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც უკავშირდება პოლარიზაციის დასრულებას. ეს ვალდებულება არის ერთობლივად შესასრულებელი, მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის და ოპოზიციის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული პრიორიტეტი პოლარიზაციის დასრულებაა.

"ჩვენ რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში შემცირდა თუ არა პოლარიზაცია, ალბათ ვერავინ დაგვეთანხმება, რომ ეს ასე მოხდა. პირიქით, ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ დესტაბილიზაციის მცდელობები, შარშან ივნისის აქციები, ახლა უკვე მარტის აქციები, პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მათ მონაწილეობა ამ 12 რეკომენდაციისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, შესაბამისად ჩვენი პასუხი მინდა საჯაროდ ვთქვა, რაც მე გავუზიარე ღიად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს არის შემდეგი - თუ ევროპას და ჩვენს ევროპარლამენტარებს, ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, ყოველგვარ სპეკულაციებს, დაასრულებს მათ ამ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ჩვენს ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა, თუ გვინდა, რომ ამ რეალობაზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გეგმა რჩება ისევ გეგმად, საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი მტრული ძალები და ე.წ. მეხუთე კოლონა საქართველოში შეეცადონ დესტაბილიზაციას და გადმოიტანონ ომი, არსად წასულა.

მისივე განმარტებით, მტრულ ძალებს დასახული მიზნის მისაღწევად რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მათ შორის იყო კანდიდატის სტატუსის არ მიცემა, თბილისში გამართული აქციები სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ და ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს გამართული ძალადობრივი აქციები, სადაც აქციის მონაწილე დესტრუქციული ძალები პოლიციელების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და ქვებს ისროდნენ.

"ახლა უკვე რამდენიმე, ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები, „ნაცმოძრაობის“, „გირჩი მეტი თავისუფლების“, ე.წ ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები. თქვენ გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმების, გვახსოვს ყველას კარგად, ვნახეთ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებითა და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში