გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერი

24 მარტი 2023, 17:29 977 ნახვა

გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვერასოდეს იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

ღარიბაშვილის თქმით, გუბაზ სანიკიძე უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით გამოირჩევა.

„ჩვენ ვდგავართ ძალიან სერიოზული ისტორიული ტრანსფორმაციის მიჯნაზე, შეიძლება, ასე ითქვას. ბატონ გუბაზ, მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ მინდა, შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით.

ეს კაცი ერთ დროს იყო ჩვენი გუნდის წევრი. ეს ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ამის თაობაზე. მინდა, გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. რომ იცოდეთ, ეს კაცი გაყიდულია 100 ათას დოლარად. შენ ხარ გაყიდული კაცი, მოღალატე. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე, ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, გუბაზ სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს მიმართა და უთხრა საერთაშორისო სასამართლო როდესაც იქნება, შეიძლება, იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით.

პრემიერის განცხადებით, სულ რაღაც 2 წელიწადში ქვეყნის დესტაბილიზაციის და ომში ჩართვის 4 მცდელობა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ხელწერაა ცრუ დემაგოგია, უსაფუძვლო თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფები.

„უკრაინიზაციის გეგმა ვახსენე და ამის თაობაზე ფართოდ ვისაუბრე. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენმა გუნდმა ხელისუფლებას ავაცილეთ. რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის მოხსნილი. ამიტომ, მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. ძალიან კარგად ვიცი მათი გეგმების, ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო სამსახურები არის მოწოდების სიმაღლეზე. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. თქვენ ნახეთ, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში ქვეყნის დესტაბილიზაციის და ქვეყნის ომში ჩართვის 4 მცდელობა იყო. ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას შევახსენე. მათგან მოვისმინეთ ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. ეს არის მათი ხელწერა, ცრუ დემაგოგია, სიცრუე, ყოველგვარი უსაფუძვლო თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფები. არ ვაპირებ მათ გამოგვეხმაურო და ასეთი პატივი მივაგო, პასუხები ჩავაბარო“,-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში