ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია - თეა წულუკიანი

27 მარტი 2023, 16:36 653 ნახვა

ყველა მცდელობა, დახლიჩონ საქართველო, საზოგადოება, დააპირისპირონ ახალგაზრდა უფროს ადამიანს, უფროსი ახალგაზრდას, ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი მეორე პარტიის მიმდევარს, მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ, - ამის შესახებ, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროკავშირში და საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია.

"რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებულ პროცესებს, რომლებიც ევროკავშორის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებმა ალბათ რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს. ჩვენ ვართ ყველანი ერთ პოზიციაზე და ყველა მცდელობა, დახლიჩონ საქართველო, დახლიჩონ საზოგადოება, დააპირისპირონ ახალგაზრდა უფროს ადამიანს, უფროსი ადამიანი ახალგაზრდას, დააპირისპირონ ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი მეორე პოლიტიკური პარტიის მიმდევარს, ვფიქრობ, მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ. არ შეიძლება, იყო ქართველი და გქონდეს განსხვავებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროპაში და ამ შემთხვევაში, ევროკავშირში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც შექმნილია ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, მათ შორის არც თქვენგან, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სწორედ იმავე ტემპით იაროს ევროპისკენ წინ, როგორც მოდის 2012 წლის ოქტომბრის 25 რიცხვიდან, როდესაც შეიკრიბა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი მთავრობა. იმ დღიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ყველა ის შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა და ალბათ ვერც ექნებოდა რომ დარჩენილიყო ის ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოაშორა ხელისუფლებას და ქვეყანას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანს, კითხვა დაუსვეს კითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთვის მიმართვაზე, რომელმაც განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული შუალედური შეფასება საჯარო იყოს. წულუკიანის განცხადებით, იმედი აქვს, ევროკავშირის გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.

"ჩვენ, ქართველ ხალხს, მის მთავრობას, რომელიც დემოკრატიული წესით არის არჩეული, გვაქვს დიდი იმედი, რომ ამჯერად მაინც ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არ იქნება ისეთი უსამართლო, რომელიც ყველამ ვიხილეთ, რამაც ჩვენს ქვეყანაში, ერში, ბერში, ასეთ პოლიტიკურ ძალაში, ისეთ პოლიტიკურ ძალაში, ვინც საკუთარი ქვეყნის გულწრფელია და ერთგულია, გამოიწვია ერთი და იმავე რეაქცია, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. თუ ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე ეკუთვნის მოლდოვას, რომელსაც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ, თუ რაიმე ეკუთვნის ამ გზაზე უკრაინას, რომელსაც მშვიდობას, განვითარებას და გამთლიანებას ვუსურვებთ, არანაკლებ იგივე ეკუთვნის ქართველს ხალხს, რომელიც ამ ორ ქვეყანაზე მეტად პროგრესულია, მეტად განვითარებულია და რეფორმების მხრივ გიგანტური ნახტომები აქვს გაკეთებული ბოლო ათი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ გზაზე მოძრაობა, ევროკომისიასთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად თანამშრომლობის რეჟიმში მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის გასაჯაროებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში