30 მარტის ღამის საათებიდან, 31 მარტის შუადღემდე თბილისში მოსალოდნელია, ქარი გრიგალის ნიშნულით

29 მარტი 2023, 15:27 2198 ნახვა

მოსალოდნელი პროგნოზის გათვალისწინებით 30 მარტის ღამის საათებიდან - 31 მარტის შუადღემდე, თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოში  მოსალოდნელია ქარი 30/32 მეტრ წამამდე, რაც გრიგალის ნიშნულია.

აღნიშნული ქარის დროს, შესაძლებელია პრობლემა შეექმნას საჰაერო მიმოსვლას თბილისიდან. ასევე ავტომობილებს ნუ გააჩერებთ მაღალ ხეებთან. შეეცადეთ თავი აარიდოთ ქუჩაში სიარულს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.

"30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტისა და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება.

 

30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია, შენობების სახურავების, ელექტროგადამცემი ხაზების, ხეებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში