31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ხელისუფლებამ დღესაც უნდა აღასრულოს ერის ნება, სწორედ ამისთვის მოგცათ ხალხმა მანდატი - პრეზიდენტი

31 მარტი 2023, 12:31 656 ნახვა

31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით  საკუთრი მომავალი გადაწყვიტა. "აღსრულდა ნება ქართველი ერისა“ -  ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება, -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ხელისუფლებამ დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება.

"თქვენს წინაშე გამოსვლისთვის, სწორედ, ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც, გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე, როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია. ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ, მინდა, შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი 78: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა.

"ამიტომ, დღეს არ შემიძლია, არ შეგახსენოთ სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით.

თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება. საგარეო მიმართულებით, გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე.

2012 წელს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი საერთაშორისო ვიზიტი  ბრიუსელში განახორციელა.

2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია. 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი.

ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“. 2021 წელს კი, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე  განცახადს გააკეთებდა. ამ  ევროპულ გზას მმართველი პარტია ერთხმად „ჩვენ ცივილიზაციურ არჩევანს“ უწოდებდა.

ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით ხელისუფლება უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს, ხალხის მანდატს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები,'' - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს არის ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება.

"არ შემიძლია, ახლა არ გითხრათ, სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაქუმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი, ჩიხშია შესული. თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია, ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება, ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა.

"თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არც ერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს.

2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა, ცოტა ხნის წინ დაიწყო.  პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ.  სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში