გაიხსენოს პრეზიდენტმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტის კონსპირაციებზე - კობახიძე

31 მარტი 2023, 13:37 642 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს არის შემაშფოთებელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაში ბევრი გაუგებარი განცხადება იყო და ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს.

"დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. 

"ერთი მხრივ, საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, გაუგებარია და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია.ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად.

რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა, პრეზიდენტს მისი განცხადებები შევახსენო 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი, ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო. იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე. ეს კითხვა მაქვს ქალბატონი სალომეს მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს. ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დაუშვას.

"არსებობს გლობალური ომის პარტია. ამაში ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს, კონკრეტულ ადამიანებს. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს, მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე, მთავარია, ჩვენ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები. რაც მთავარია, ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. ჩვენ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ. ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე. ეს რისკები ჯერ კიდევ აქტუალურია. მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები არის აქტუალური. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსნებთ, რომ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში