საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში

31 მარტი 2023, 15:03 679 ნახვა

„სად დგახართ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს?“ - წლიური მოხსნების განმავლობაში პრეზიდენტმა არაერთხელ მიმართა "ქართულ ოცნებას", გააკრიტიკა  ორივე პოლიტიკური მხარე: ოპოზიციაც და პოზიციაც. პრეზიდენტმა 2012 წლიდან დღემდე მოვლენები გაიხსენა და "ქართულ ოცნებას" უთხრა, რომ მან ნელ-ნელა დაიწყო "ფერისცვალება".

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას არ ესმის რა სურს ხალხს, საზოგადოება კი ითხოვს ევროპულ განვითარებას, ამიტომ ახლა მთავარია ქართველი ხალხის ხმა ევროპამ გაიგოს. მისი თქმით, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა "ჩიხშია შესული" და ქართულ ოცნებას უთხრა, რომ მათ "არ გაურღვევიათ ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ და რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას".

პრეზიდენტი, ასევე შეეხო "ქართული ოცნებიდან" "განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანების" გასვლას და თქვა, რომ მმართველ პარტიაში უკვე აღარ ისმის ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს.

სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს საპარლამენტო უმრავლესობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას საგარეო კურსთან დაკავშირებით. მან თავის ყოველწლიურ ანგარიშში თქვა, რომ "დიდი გაუგებრობა" იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის კურსზე იწყება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მან საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ოპოზიციის მონაწილეობით შედგენილი ე.წ. მიშელის შეთანხმების ანულირებაც. მისი თქმით, ეს გამოხატავდა საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მმართველი პარტიის დამოკიდებულებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში