არაფერი არ იქნება, თუ არ გვექნება მშვიდობა, ჩვენ წინააღმდეგ არსებული მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა მტრებს კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ - პრემიერი

03 აპრილი 2023, 14:26 652 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება, თუ ექსპორტი, საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს და ამ ყველაფრის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ქვეყანაში მშვიდობა.

„არაფერი არ იქნება, თუ არ გვექნება ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ძალიან რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ ყოფილა, უკრაინაში რაც ხდება, ვხედავთ, რომ ომი არ ჩერდება და უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20 პროცენტზე მეტი უკვე გადაქცეულია პოლიგონად. მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი, ქალაქები, სოფლები, რაიონები სწორდება მიწასთან. ამის შემჩერებელი არავინ არ არის. ამიტომ ის გეგმა, რაც არსებობდა ჩვენ წინააღმდეგ, უკრაინიზაციის გეგმა და მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა, ჩვენს მტრებს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს მოწოდების სიმაღლეზეა, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ამ გზაზე ვერავინ შეეწინააღმდეგება.

"კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც აბსოლუტურად ხელმოცარულია, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს იმ სიკეთეებს, რაც მე ჩამოვთვალე, კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა, ეს არის სწორედ ის დეგრადირებული, ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, ყველაფერს აკეთებენ, რომ შესწირონ საკუთარი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და რაც მთავარია, ხალხის უსაფრთხოება.

ამიტომ, მინდა, ყველას ვუთხრა ძალიან მკაფიოდ. დღეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, მტკიცედ და ძლიერად დგას. ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ჩვენ ვერავინ ვერ შეგვეწინააღმდეგება. ეს მინდა, ვუთხრა მათ. ჩვენი ეროვნული ინტერესები აქ გადის და ეს არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესები და ბუნებრივია, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში