ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საპირისპირო მოხდეს - ირაკლი კობახიძე

04 აპრილი 2023, 13:10 770 ნახვა

ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს საპირისპირო და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ელოდება დეკემბერს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობისთვის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რაშიც მათ შეუერთდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ეს არის მათი მოლოდინი. ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით, არ ვიცით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს რომ იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება,  უპირობოდ მოგვენიჭება სტატუსი, თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება შარშანდელი ივნისიდან, როდესაც ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა სტატუსი. იმედი გვაქვს, წელს, დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, თუმცა დაველოდოთ დეკემბერს...

 

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერც მალავენ და პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ აგიტაციას შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ისიც ჩაერთო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს. ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იმავე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს. ეს არის გლობალური ომის პარტია. არის გარკვეული გლობალური ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია. საქართველომ მიიღოს სტატუსი, იყოს მშვიდობა. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ამ მიზნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კეზერაშვილმა ფული ბიზნესის რეკეტით, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების გაძარცვით იშოვა.

„კეზერაშვილის ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩია ლევან ხაბეიშვილი. მას სხვანაირ ადამიანებთან არ შეუძლია ურთიერთობა, სხვანაირი ადამიანების მართვა მას არ შეუძლია, მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი. არ არის ეს სასაცილო, ნამდვილად ასეა.

სამარცხვინოა ამ კაცის განცხადებები. ყველამ იცის რა მასშტაბის კორუმპირებული კაცია კეზერაშვილი. მან ფული იშოვა რის ხარჯზე? ბიზნესის რეკეტი, მთავარი დანაშაული და რამდენად სისტემური იყო ბიზნესის რეკეტი ეს ყველას ახსოვს. ის ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და მერე გააგრძელა არაფორმალური ოპოზიციიდან ბიზნესის ძარცვა, გაძარცვა ქართული ჯარი და ამჟამადაც ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ანუ სამი მიმართულებით შოულობდა ფულს ის და სამივე არის ერთმანეთზე სამარცხვინო და ასეთ დროს ეს კაცი, რომ საუბრობს რაღაცებზე, ამაზე კომენტარიც კი არ არის საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში