საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გზაჯვარედინზეა - ევროსაბჭოს წევრები

05 აპრილი 2023, 10:01 578 ნახვა

საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა, - ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მატს იმყოფებოდა.

"საქართველო ევროპული ქვეყანაა. ქართველები ევროპელები არიან, როგორც ამას საქართველს პრემიერ მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ გაუსვა ხაზი 1999 წელს, ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს და დაუღალავად ვმუშაობდით საქართველოს ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოში სრული ინტეგრაციისთვის, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ამას. მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს, ბევრი რეფორმის იმპლემენტაცია მოხდა და მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების მოსაყვანად ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - აღნიშნავენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.

თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს 12 პრიორიტეტი არ არის ახალი საქართველოსთვის. ისინი დიდწილად ემთხვევა იმ პრიორიტეტულ რეფორმებს, რაც მოცემულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორც აღნიშნულ რეზოლუციაშია ჩაწერილი, ფუნდამენტური პრიორიტეტი არის პოლიტიკურ გარემოში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის აღმოფხვრა, რაც საზოგადოების ყველა სფეროში აღწევს. 

"აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ის არსებობს საქართველოში, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დადუმება და სტიგმატიზაცია“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.

საქართველოში ვიზიტის დროს თანამომხსენებლებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ. მაშინ, როდესაც, მათი განცხადებით, არ სურთ კომენტარის გაკეთება სააკაშვილის საქმეების რომელიმე სამართლებრივ ასპექტზე, რაზეც ისინი სრულად ექვემდებარებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ დავაზე.

„ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს, დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა უცხოელი ექიმების დაშვებას, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის დახმარებაში ჩართვისთვის მზად არიან“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობაზე, მისი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. თანამომხსენებლებმა ასევე ხაზი გაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმირების საჭიროებას, რაც ფოკუსირებული უნდა იყოს კორპორატივიზმის, საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამჭვირვალობის დანაკლისისა და მართლმსაჯულების სისტემაზე გადაჭარბებული კონტროლის აღმოფხვრაზე, რაც, მათი შეფასებით, ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

თანამომხსენებლების განცხადებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში. მაშინ როდესაც თანამომხსენებლებმა მაღალი შეფასება მისცეს ხელისუფლების მზაობას, ერძოლონ გადაჭარბებულ გავლენას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ ასევე შეშფოთება გამოთქვეს, რომ, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია ხაზგასმული, ე.წ. პიროვნული მიდგომის, რაც ამ კანონს მოაქვს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება. გარდა ამისა, თანამომხსენებლების შეხედულებით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში და იმ კითხვების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებით, ამ კანონის პიროვნულმა მიდგომამ, შესაძლოა, ის დაუცველი გახადოს პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებისთვის, რაც ეწინააღმდეგება ამ კანონის გაცხადებულ მიზნებს.

თანამომხსენებლები რეკომენდაციით გამოდიან, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას პიროვნულ მიდგომაზე ამ კანონპროექტში და მხარი დაუჭიროს არსებული მექანიზმების გაძლიერების ე.წ. სისტემურ მიდგომას, რათა შეებრძოლოს გადაჭარბებულ გავლენებს, რასაც ასევე აშკარად ანიჭებს უპირატესობას ვენეციის კომისია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში