მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განმარტებას ავრცელებს

05 აპრილი 2023, 21:52 728 ნახვა

აშშ-ის საელჩო საქართველოში დამატებით განმარტებებს აკეთებს ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

საელჩო განმარტავს, რომ სანქცირებულნი არიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. მათივე ცნობით, აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს.

„აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ვადებს, აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სანქციები არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით.

„7031(c)-ე თავი შეიცავს წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა, მისცეს პირს უფლება, გაემგზავროს ამერიკაში, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

რაც შეეხება სანქცირების საფუძველს, საელჩო აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში.

„მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან.

„მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

რაც შეეხება მტკიცებულებების საქართველოს პროკურატურისთვის შესაძლო გაზიარების საკითხს, აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც ამერიკულმა მხარემ შეაგროვა, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დაუშვან აღნიშნული პირების შესვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. „კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა“, – აცხადებენ საელჩოში.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ განხორციელდა სანქცირება ახლა, საელჩო ამასტან დაკავშირებითაც აკეთებს განმარტებას: „როგორც ახლახანს გამართულ დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, კორუფციასთან ბრძოლა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს სანქცირების უფლებამოსილებისა და სხვა შესაბამისი მექანიზმების გამოყენებას საერთაშორისო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის მიზნით“.

ამასთან, საელჩო განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში