ვხედავთ, რომ ამერიკელები მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის - “ხალხის ძალა”

07 აპრილი 2023, 13:24 703 ნახვა

ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ხალხის ძალის“ წარმოამდგენლები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, რომ მიიღონ ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მათივე განცხადებით, „ამერიკის ელჩის გუშინდელი ინტერვიუდან საზოგადოება უსათუოდ შემდეგ დასკვნებს გამოიტანდა“:

„ქალბატონმა ელჩმა საერთოდ ვერ დააკონკრეტა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასანქცირდა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლე, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეებს სავიზო სანქციები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაუწესეს;

ელჩისგან გავიგეთ, რომ ის სავიზო სანქციის საფუძველს როგორც სამართლდამცავ სტრუქტურებს, ისე ქართულ საზოგადოებას მომავალშიც საგულდაგულოდ დაუმალავს, რაც ასევე იმის დასტურია, რომ სინამდვილეში დანაშაულის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს;

ქალბატონი ელჩი მთლიანად გაექცა კითხვას 2004-12 წლების სისხლიანი სასამართლო სისტემის ლიდერების, სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილიც და ადეიშვილიც სინამდვილეში უცხოელი აგენტები არიან და სწორედ ამიტომ სარგებლობენ მფარველობით საკუთარი უცხოელი პატრონების მხრიდან. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ უცხოურ ინსტიტუტებს ან ადგილობრივ ენჯეოებს სააკაშვილ-ადეიშვილის სისხლიანი სასამართლო სისტემა ოდნავ მწვავედაც კი არასოდეს გაუკრიტიკებიათ;

კელი დეგნანი მთლიანად გაექცა კითხვას საელჩოს თანამშრომლების მიერ მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ანგარიშის მოთხოვნისა და ამერიკაში ვიზიტის გაუქმების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფა სწორედ ელჩის პირდაპირი თუ ირიბი თანამონაწილეობით განხორციელდა;

ქალბატონი ელჩი გააღიზიანა კითხვამ „ფრანკლინის კლუბის“ ამერიკელი ტრენერის საქართველოში არშემოშვებასა და მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას შორის კავშირის არსებობის შესახებ. მისი ასეთი გაღიზიანება გვიმყარებს რწმენას, რომ მოსამართლეების სანქცირება სწორედ „ფრანკლინის კლუბის“ ტრენერის არშემოშვებაზე პასუხი იყო;

კელი დეგნანმა ვერაფრით თქვა, რა იყო რუსული ჩვენს მიერ დაინიცირებულ ქართულ კანონში აგენტების შესახებ. ის მთლიანად გაექცა საგნობრივ დისკუსიას ჟურნალისტთან, რომელიც მას კონკრეტულ ნორმებზე დაყრდნობით უმტკიცებდა, რომ რუსულ კანონში სულ სხვა რამ წერია;

ქალბატონი ელჩი ასევე სრულად გაექცა კითხვას „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა მაპოლარიზებელი რადიკალ-ექსტრემისტული პარტიებისა და ენჯეოების ამერიკული დაფინანსების შესახებ. როგორც ჩანს, ქალბატონ ელჩს კარგად აქვს გააზრებული, რომ პოლარიზაციისა და რადიკალ-ექსტრემისტების დაფინანსება ქართული სახელმწიფოს და მისი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუმცა, ირკვევა, რომ ამ ნაბიჯს ის სრულიად შეგნებულად დგამს.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ სასამართლო სისტემაში ამერიკული ინტერვენციის თემას. ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში. სხვა მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის, ისინი აქტიურად იყენებენ ისეთ პრივილეგიებს, როგორიცაა ამერიკაში ვიზიტების შეთავაზება, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავაზება და ა.შ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მივიღოთ ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული. აღნიშნულმა სამართლებრივმა ზომებმა ასევე უნდა მოგვცეს საშუალება, გამოვავლინოთ უცხოელი აგენტები სასამართლო სისტემაში და მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების კონკრეტული ზომები ავამოქმედოთ.

თუ საქართველო ვერ შეინარჩუნებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სრულად დაკარგავს სუვერენიტეტს და დაუბრუნდება 2004-12 წლების უმძიმეს წარსულს, როდესაც სასამართლო სისტემა სისხლიანი აგენტოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში