ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა - ლევან ხაბეიშვილი

10 აპრილი 2023, 22:34 793 ნახვა

ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას პრეზიდენტისადმი მიმართვაზე, რომ რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ მოიწვიოს.

„ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი, ჯერ კიდევ 10 დღის წინ ... ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს.

მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ ჯილდოს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები. ამის პარალელურად, ცხადია გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას.

ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და შესაბამისად, უმარტივესად შეეძლო ენახა, იმ ადამიანებს ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა.

ნორვეგიაში მიღებული ჯილდო უმწვავესად და მტკივნეულად მიიღო რუსულმა ოცნებამ და იქიდან რამდენიმე დღეში, მაქვს პატივი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დავესწრო”, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".

ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, ხვალ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში