პროკურატურამ ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი 2023, 16:37 843 ნახვა

პროკურატურამ თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, სროლის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აპრილს, ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ერთჯერადად გაისროლა.

"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 9 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება გრძელდება დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით"- აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში