ევროკავშირის ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართველი ხალხის წინაშე არიან ვალში და ვფიქრობ, ეს ვალი გადასახდელი აქვთ - პაპუაშვილი

13 აპრილი 2023, 10:30 894 ნახვა

ევროკავშირის ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართველი ხალხის წინაშე არიან ვალში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ ეს ვალი გადასახდელი აქვთ, მათ შორის იმით, რომ საქართველოს გადმოსცენ დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

მისი თქმით, მათ დამნაშავეების მფარველობით რისკის წინაშე ქართველი ხალხის უსაფრთხოება დააყენეს.

"კეზერაშვილი იყო იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკური თანამდებობის დაახლოებით 15 პირი გასამართლდა დანაშაულებისთვის, სააკაშვილისა და კეზერაშვილის ჩათვლით. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. 15 მარტო პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და 200-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, რომლებიც გასამართლებული იყვნენ სისხლის სამართლის წესით. ამ სისტემის წარმომადგენელზე გვაქვს საუბარი და როდესაც ასეთი ადამიანის სახელი და გვარი გვხვდება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რა თქმა უნდა, აქ ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ეს პოლიტიკური მფარველობა და ამ პოლიტიკური მფარველობის უკან რა პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტერესები დგას. ვფიქრობ, ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც ის მფარველობდა მიხელ სააკაშვილს და არ გადმოსცემდა ქართულ მართლმსაჯულებას, იმისთვის, რომ მას მოეხადა სასჯელი და ვნახეთ ამის შედეგი რა იყო - მან კინაღამ ააყირავა აქ სიტუაცია, როდესაც ჩუმად შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ეფექტიანად იმუშავა და დროულად დააკავა ის, არავინ იცის რა იქნებოდა დღეს, თბილისის თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში.

 

ევროკავშირის ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართველი ხალხის წინაშე არიან ვალში. მათ დაუშვეს ის, რომ მფარველობდნენ დამნაშავეს და დააყენეს რისკის წინაშე ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ვფიქრობ, ეს ვალი გადასახდელი აქვთ. გადასახდელი აქვთ, მათ შორის იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს დავით კეზერაშვილი, ასევე ზურაბ ადეიშვილი, რომელიც თავს აფარებს უკრაინას და ესეც არის ცინიზმი, რომ მას უკრაინაში მიბარებული აქვს სასამართლო რეფორმის საკითხი და ის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სტრასბურგში, არაერთხელ ვნახეთ, მედიის მეშვეობით, რომ ევროსტრუქტურებში გადაადგილდებოდა. ეს ვალი დასაბრუნებელი აქვს ევროპას ქართველი ხალხისთვის და ვალის დაბრუნება შეიძლება იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს მართლმსაჯულებას ის დამნაშავეები, რომლებმაც აქ მოაწყვეს გულაგები, ადამიანების ჩაგვრის, წამების სისტემა. მწამებლები როდესაც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდებიან, ეს თავად ევროკავშირის დისკრედიტაციაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამერიკელი და ქართველი ხალხის პარტნიორობა და მეგობრობა იმსახურებს იმას, რომ თუკი არსებობს ბრალდება მოსამართლეების წინაშე, წარდგენილი იქნას მტკიცებულებები.

მისი თქმით, არ შეიძლება სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩაგვაყენოს ვიქტორინის მდგომარეობაში.

"როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებების წაყენება ხდება ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეგობარი ქვეყნის მხრიდან, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეებს წარუდგინოს მტკიცებულებები, საქართველოს მოქალაქეები ასეთ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან არ იმსახურებენ.

არის საუბარი ღია წყაროებზე, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის საუბარი მედიაში გაჟღერებულ გარკვეულ საკითხებზე. სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთობა და პატივისცემა გულისხმობს იმას, რომ როდესაც პარტნიორი ჩვენს მოქალაქეს უწოდებს კორუმპირებულს, არ შეიძლება მან ჩაგვაყენოს, ვიქტორინის მდგომარეობაში. როდესაც ჩვენ უნდა გამოვიცნოთ თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. იცით რომ, მათ შორის, ყოფილ მოსამართლეზეა საუბარი და რთულია ვიფიქროთ, რა პერიოდზეა საუბარი. შეგვიძლია, ვივარაუდოთ და ათვლის წერტილად ავიღოთ ის პერიოდი, როდესაც ამ კონკრეტულმა ადამიანებმა დაიწყეს სასამართლო სისტემაში მუშაობა. შეიძლება, ეს იყოს 10-15-20-წლიანი პერიოდი და ჩვენ 20-წლიანი პერიოდის ალმანახებს ვერ შევისწავლით, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი? ამერიკელ ხალხს ქართველი ხალხი კეთილსინდისიერად აჩვენებდა საკუთარ პარტნიორობას, მათ შორის, ცხელ წერტილებში. 30-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ ერაყსა და ავღანეთში, ჩვენი 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ცხელ წერტილში და 300-ზე მეტი დაჭრილი გვყავდა. ვფიქრობ, როდესაც ერთ სანგარში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში და არ გამოვიცნოთ რებუსი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში