სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა, ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, როგორც იქნა, სხდომებზე დასწრება დაიწყო - არჩილ თალაკვაძე

19 აპრილი 2023, 15:43 820 ნახვა

სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში. ოპოზიციამ,  რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდნენ, რვა თვე ბოიკოტში იყვნენ, შემდეგ ყველა სხდომას აცდენდნენ, დებატებშიც არ მონაწილეობდნენ და „მინისტრის საათსაც“ არ ესწრებოდნენ, როგორც იქნა, პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის შემოდგომის ჩათვლით ოპოზიცია სხდომებზე ივლის.

„წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბის სიცრუეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, სასამართლოს ცუდი ადამიანები დაეპატრონენო. „ქართულ ოცნებაზე“ ამბობს ძალა, რომელმაც გაწმინდა, როგორც თვითონ ჩაწერეს დოკუმენტში, სასამართლო, გაწმინდა განათლების სისტემა, ბიზნესი, მედია და ყველაფერი გაწმენდილი ჰქონდათ, როდესაც ბოლოს ისინი საზოგადოებამ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა. ასეთი ძალა დღეს საუბრობს სასამართლოზე, თითქოს სასამართლო აღარ არის თავისუფალი, დამოუკიდებელი. აქ რომ წერტილი დავსვათ, უკვე ეს ამბავი ძალიან სასაცილოა, მათთვის სატირალი რომ არ იყოს.

რეალურად, დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა დიამეტრულად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ვიდრე მაშინ, როდესაც გადმოვიბარეთ ხელისუფლება. ამას ამბობს არა მხოლოდ მმართველი ძალა, არამედ ამაზე მეტყველებს ყველა სანდო მონაცემი, რომელიც სასამართლოს ეხება. ესაა საქმეების განხილვის მონაცემი, სტრასბურგში სამჯერ შემცირებული საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების, ჩვენი პარტნიორების შეფასებები, სადაც რეიტინგებში მკვეთრი გაუმჯობესება აქვს საქართველოს სასამართლო სისტემას. ყველა მონაცემით ჩანს, რომ დღეს მოქალაქეები ამ სასამართლოს მიიჩნევენ ბევრად უფრო თავისუფალ და სამართლიან სასამართლოდ, ვიდრე იმდროინდელს, როცა გადმოვიბარეთ ხელისუფლება"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში