ჯინ შაჰინის განცხადების პოლიტიკური გამოხმაურებები

28 აპრილი 2023, 14:13 788 ნახვა

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ „მზარდად მიდის“.

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ჯინ შაჰინმა დასვა კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები უესეიდ-ის ხელმძღვანელს უსმენდნენ. ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სამანტა პაუერმაც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.

სენატორის განცხადებები თბილისში ფასდება. ჯინ შაჰინის შეფასებას გაფრთხილებას უწოდებენ ოპოზიციაში, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება იძლევა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი სრულად აცდენილია ხალხის დაკვეთას და მაჯისცემასთან.

''ქართული ოცნებისთვის'' კი ჯინ საჰინის განცხადებები მიუღებელია და აცხადებენ, რომ  ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში