ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავენ

02 მაისი 2023, 22:15 2646 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 10 მაისს გვექნება. პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. რა მონაცემებსაც წინასწარ ვხედავთ, დაახლოებით იგივე მოლოდინები გვაქვს, რაც წლის დასაწყისში გვქონდა. ვამბობდით, რომ წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყება. წინა კომიტეტებზე ეს საკითხი არც კი განგვიხილავს, რადგან რისკები ჯერ კიდევ მაღალი იყო. მომდევნო კომიტეტზე ნამდვილად გვექნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართულებით აქტიური განხილვა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ლეჟავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავს თქმით, მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს ჯერ კიდევ განპირობებულია, უმეტესწილად, გარე ფაქტორებით.

„რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღალია და ექვს პროცენტს შეადგენს. დაღმავალი ტრენდი აქვს შიდა ინფლაციასაც, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ტრენდი არის შეუქცევადი და უკან შემოტრიალების რისკები არ არსებობს. შიდა ინფლაციაში იგულისხმება, ძირითადად, სერვისი და ის პროდუქცია, რომელიც საქართველოში იწარმოება. მიგრაციის ეფექტი კვლავ მაღალია, თუმცა ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიგრაციის ტალღა დაიწყო და ამას ბუნებრივი საბაზისო ეფექტი ექნება. ასევე, ჩვენს სტატისტიკაში, როდესაც ერთ წელზე მეტი ჩერდება მიგრანტი, უკვე აღარ ითვლება ტურისტად, ის უკვე ადგილობრივ რეზიდენტად ითვლება. შესაბამისად, გარკვეული სტატისტიკური გადაადგილებები, შესაძლოა, ამას ჰქონდეს, თუმცა დღეის მდგომარეობით მიგრანტების ეფექტი კვლავ მაღალია. 10 მაისისთვის უკვე დამატებით ინფორმაციასაც მივიღებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლეჟავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში