„ოცნებამ“ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით - „ნაციონალური მოძრაობა“ 

10 მაისი 2023, 21:49 768 ნახვა

„ოცნებამ“ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით, – ამის შესახებ აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ისტორიული არჩევანი, საქართველოს მომავალი და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 85 %-ის ნება ევროპაში და ევროკავშირში ინტეგრაციაა. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ხოლო რუსეთის ნაცისტური რეჟიმი, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი. დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას საკუთარი თავი და განდევნოს ოკუპანტი საკუთარი მიწიდან. ის, რომ უკრაინა დაიცავს თავს, ის რომ რუსეთი დამარცხდება, მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება, უკვე გარდაუვალ მოვლენებად იქცნენ. სწორედ ამისთვის იბრძვის გმირი უკრაინელი ხალხი და ამისთვის მუშაობს მთელი დასავლური სამყარო. ტრაგიკული რეალობაა, რომ ამ დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის ევროპას და უკრაინას, პარალელურად კი კრემლის პროპაგანდისტების მუდმივ ქებას იმსახურებს. „ოცნებამ“ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი – უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით. ფაქტია, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მუშაობს არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებს, რათა პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ტურისტულად, კულტურულად თუ სატრანსპორტო თვალსაზრისით, საქართველო მოექცეს რუსულ სივრცეში. ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემისა და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით. სამართალი აუცილებლად დადგება, სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს, აღარ დარჩება დასამალი სივრცე, ყველას მოუწევს საკუთარი ბოროტების გამო თავისუფალი ერებისა და სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხის გაცემა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში