საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება - დარჩიაშვილი

15 მაისი 2023, 11:32 587 ნახვა

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის ნაბიჯი, გზა, რომელიც ჩვენ საბოლოო წევრობამდე მიგვიყვანს. ამას სჭირდება დრო, წლები, იმისთვის, რომ საქართველომ საბოლოო წევრობა მოიპოვოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველო მოცემულ მომენტში ევროკავშირთან ძალიან ახლოს მუშაობს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ნაბიჯი, გზა, რომელიც ჩვენ საბოლოოდ წევრობამდე მიგვიყვანს. სჭირდება ამას დრო, წლები, იმისთვის, რომ საქართველომ საბოლოო წევრობა მოიპოვოს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ასოცირებული წევრი ევროკავშირის და ჩვენ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ავიღეთ პარტნიორებთან, ამას ვასრულეთ. შესაბამისად, ძალიან ნათელი და ადვილი დასანახია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანამ გადადგა პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო და ახლო კოორდინაციით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო.

„უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულდება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ეს უკვე პრაქტიკაში და ფიზიკურად დადასტურდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ახლო კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და კონკრეტულ ამ საკითხებთან, სანქციებთან მიმართებაში, ძალიან ტრანსფარენტულად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან," - განაცხადა დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში