ომის შემდეგ სააკაშვილი ლარსზე მიდიოდა და მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს, ახლა ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს, ისპეკულიროს ფრენების აღდგენით - კობახიძე

16 მაისი 2023, 13:08 690 ნახვა

მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო, სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ აჟიოტაჟი შექმნას ამ საქმის გარშემო, ისინი ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც ამის საბაბი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დღეს ეს ადამიანები სპეკულირებენ. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან სპეკულიანტები. ვინც დღეს სპეკულირებს ამ საკითხით, ის არის სპეკულიანტი და მეტი არაფერი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, თავს იწონებდნენ, პირდაპირ ლარსზე მიდიოდა მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი და თავს იწონებდა იმით, რომ მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში. ახლა ეს პოლიტიკური ძალა როცა ცდილობს, ისპეკულიროს ფრენების აღდგენით, ისინი არიან ჩვეულებრივი სპეკულიანტები და სახელმწიფოს მტრები“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს.

"ჩვენ მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები, რომ არ უნდა მოხდეს სანქცირებული კომპანიების მიღება. ამას ჩვენ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და სანქცირებული თვითმფრინავები, კომპანიები, ბორტები არ იქნება მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა იქნება შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებული. სპეკულირებისთვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენი ოპონენტები არიან სპეკულიანტები და მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების კარნახით, არამედ სხვა ინტერესებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძეს. კობახიძის თქმით, ისინი სპეკულირებით არიან დაკავებულები.

„ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს. ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ იმით, რომ აღდგა ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის. აქედანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები არიან სპეკულიანტები“, – აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში