დეპუტატები ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, გარიგებული არიან არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან - კობახიძე

17 მაისი 2023, 15:42 679 ნახვა

ოპოზიციიდან იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, ეს დეპუტატები არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან, ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, კოლეგებმა რადიკალური ოპოზიციიდან ლიბერალური ფაშიზმის მეთოდები გამოიყენეს და უხეშად ხელჰყვეს თავისუფალი მანდატის პრინციპი.

კობახიძის თქმით, მათი ეს წარმატება ძალიან ხანმოკლე იქნება.

„მოხარული ვართ, რომ უკვე აირჩა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩა სამი წევრი და მათ დააგროვეს 90-ზე მეტი ხმა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის მოცემულობა სახალხო დამცველის არჩევის დროს და მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდა ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, კომპეტენციასთან, მიუკერძოებლობასთან, ამის მიუხედავად, არათუ არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ ხმარი იოსელიანის კანდიდატურას, პირიქით, წარმოებდა ბულინგი ოპოზიციიდან იმ ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც დაუჭირეს მხარი ლევან იოსელიანის კანდიდატურას. მიზეზი იყო ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არმისაღებად. დღესაც ამის გამოვლინება იყო, ეს იყო მორიგი ტესტი.

მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს, მხარი დაუჭირეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. გაგრძელდება პროცედურა და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, მოვახერხებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთივე წევრის არჩევას.

დღეს ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა რადიკალური ოპოზიციიდან ლიბერალური ფაშიზმის მეთოდები გამოიყენეს და მათ უხეშად ხელყვეს ის პრინციპი, რასაც ჰქვია თავისუფალი მანდატის პრინციპი. ისინი უხეშად წავიდნენ კანდიდატის სტატუსის, კონსტიტუციური პრინციპების წინააღმდეგ, თუმცა ეს ყველაფერი არის ძალიან ხანმოკლე, როგორც ლიბერალური ფაშიზმის მეთოდები არის ხანმოკლე წარმატებით დასახასიათებელი, ასევე იგივე შეეხება იმ მეთოდებს, რომლებიც მათ დღეს გამოიყენეს სხდომათა დარბაზში. ძალიან ხანმოკლე იქნება მათი ეს წარმატება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საერთო ჯამში 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, უცნობია, რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი არჩეულ კანდიდატებს.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში