რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ უცხოელ აგენტებს უჭერდა მხარს, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არც ერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - კობახიძე

18 მაისი 2023, 14:04 606 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები.

მისივე თქმით, მათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა არ ჰქონდათ.

"კონსულტაციები წარმოებდა ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის პლენარულ სხდომათა დარბაზშიც კი წარიმართებოდა კონსულტაციები. ჩვენ ვიყავით ძალიან გახსნილი.  რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, სინამდვილეში, მას ჰქონდა კონსულტაციების იმიტაცია. ეს გამოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა არ ჰქონდათ. ერთადერთი, ვისაც ისინი უჭერდნენ მხარს სახალხო დამცველის არჩევის დროს, ესენი იყვნენ უცხოელი აგენტები, რამდენიმე ასეთი კანდიდატი იყო, არავის სხვას არ უჭერდნენ მხარს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით სახალხო დამცველად და ასევე, როდესაც საქმე ეხება იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, მხოლოდ უცხოელ აგენტებს უჭერდნენ მხარს. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ არც ერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა, ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს ფორმალური კენჭისყრა და ოთხ კანდიდატზე კონსულტაციები გაიმართოს.

„ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, დავიტოვოთ შემდგეი ათი დღე კონსულტაციებისთვის. რეგლამენტის თანახმად, ორ კვირაში უნდა ჩატარდეს შემდეგი კენჭისყრა, ე.წ. მესამე ტური, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ოთხი კანდიდატის გარშემო, რომელიც დღესაც წარმოდგენილია, დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წევრების მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ მხარი არ დავუჭიროთ (ეს არის ფორმალური ჟესტი, ფორმალური ნაბიჯი) არცერთ კანდიდატს და დავიტოვოთ სივრცე, რომ გაიმართოს კონსულტაციები იმ პლენარულ სხდომამდე, რომელიც 30 მაისს გაიმართება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში