არაფერს საფრთხე არ შეექმნება, ყველაფერს ვაკეთებთ სწორად, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად - პრემიერი

19 მაისი 2023, 11:47 885 ნახვა

ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე. ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო დიდ ეროვნულ მიზანთან. ეს არის ჩვენი უალტერნატივო სწორი და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ როგორი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია. ელენე ხოშტარიას ცნობილი გამონათქვამი იყო და ამის კადრები არსებობს, სადაც ის პირდაპირ ლობირებდა ფრენებსაც, უვიზო რეჟიმის გამართლებასაც ცდილობდა, საუბრობდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე და ა.შ. უფრო მთავარს გეტყვით: იგივე ადამიანები და მათი ბელადი სააკაშვილი პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები დღეს ასე ურცხვად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას. ეუბნებიან, რომ ყველაფერი უნდა დაიჯეროს ხალხმა, რასაც ეტყვიან. ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების და თუნდაც ამის გამო ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია.

 

რაც იყო მათთვის დასაშვები, თურმე დღეს არის დაუშვებელი. სად არის ლოგიკა? აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ათი ათასობით ახალი დევნილები მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით, არავითარი კამპანია არ უწარმოებიათ არც სანქციების დაწესების თაობაზე, არც რაიმე შეზღუდვებზე - ჯერ გადასცეს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და შემდეგ ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი და გახსნეს ფრენები. დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო, რომ უკრაინაში არის ომი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ, ეკონომიკასა და ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე. ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო დიდ ეროვნულ მიზანთან. ეს არის ჩვენი უალტერნატივო სწორი და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, დღეს ქვეყანა მდიდრდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითქმის 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დღეს უმუშევრობა, სიღარიბე, ისტორიულ მინიმუმზეა, ქვეყნის რეზერვები კი ისტორიულ მაქსიმუმზე.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მმართველმა გუნდმა სწორი პოლიტიკის შედეგად შეძლო.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, თუ ვინმემ რაიმე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“: ასოცირება, უვიზო რეჟიმი.

„ვფიქრობ, არასწორად აკავშირებთ თუნდაც, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ასე შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, რადგან ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს.

მეორე მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“: ასოცირება, უვიზო რეჟიმი - თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ ევროპაში, ს ჩვენი დამსახურებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურება.

გეტყვით, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად. ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. პირადად მე მქონდა საუბარი და მათ ავუხსენი არგუმენტაცია, ჩვენი მოტივაცია"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში