ბათუმის დღეები იერუსალიმში

24 მაისი 2023, 12:00 804 ნახვა

"ბათუმის დღეები ისრაელში" გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა. იერუსალიმში მდებარე მე-5 საუკუნის ქართული ნამონასტრალის ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

სპეციალურად განთავსებულ სცენაზე საცეკვაო და მუსიკალური ნომრები ანსამბლმა "ბათუმმა," ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ხორუმმა" და ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ფესვებმა" შეასრულეს. მანამდე კი, დამსწრე საზოგადოებისთვის აკადემიურ სივრცეში დავით მუქერიას დირიჟორობით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი წარსდგა.

ქართულ და ებრაულ ენაზე მუსიკალური ნომრების მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს ბათუმელმა სოლო მომღერლებმა, შესრულდა საქართველოსა და ისრაელის ჰიმნები. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული კულინარია და ღვინო, მათი დაგემოვნება სტუმრებს სრულიად უფასოდ შეეძლოთ.

საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, ქართველი ემიგრანტები და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი ისრაელში აჭარის და ზოგადად საქართველოს პოპულარიზაცია იყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში