ყველა თავისს პოლიტიკურ მიზნებსა თუ დავალებებზე მაღლა უნდა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს - მდინარაძე

24 მაისი 2023, 14:36 732 ნახვა

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველამ უნდა შეძლოს, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებსა თუ დავალებებზე მაღლა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს.

"როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დღეს, არა მხოლოდ ხელისუფლება, ქვეყანა გადის ბეწვის ხიდზე ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული საოკუპაციო ომის გამო, ჩვენ გვიწევს ძალიან ფრთხილად, ბეწვის ხიდზე სიარული. როცა ამ დროს ვიღაცები ქვეყნის შიგნით ცდილობენ, ამ ხიდიდან გადაგაგდონ, ომში ჩაგრთონ და შემდეგ რაღაც ფრაზებით ცდილობენ ამის გამოსწორებას, ასე არ გამოვა, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს. როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაღაცნაირად ყველამ უნდა შეძლოს, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებსა თუ დავალებებზე მაღლა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს. დღეს ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეიძლება ცოტა სხვა იყოს და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეროვნული ინტერესი გადიოდეს სუვერენიტეტზე, მაგრამ პირველ რიგში ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა ძალადობის გამართლებას  თავი დაანებონ.

„მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული. გამოძიება გრძელდება გასაგებია და ალბათ რაღაც სხვა შედეგებიც იქნება. მაგრამ როგორ აპატიმრებენ ასობით ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ასეთი ქმედებების ჩადენის დროს ესეც მოიკითხონ და ნახევარ ინფორმაცია ნუ აწვდიან საზოგადოებას. ასევე თავი დაანებონ ძალადობის გამართლებას. ისინი ცდილობენ გაამართლონ ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვაში. ამ ადამიანის გამართლებასაც კი კადრულობენ იმის მაგივრად, რომ გაემიჯნონ ამ ყველაფერს. არ გამოვა ძალადობის გამართლება. არც ის ძალადობა მართლდება, ქვეყანას, ქართულ საზოგადოებაზე და ქართველ ხალხზე განახორციელეს მათ წლების განმავლობაში და არც ის ძალადობა, რომელიც შემცირებული რესურსებით, მაგრამ მაინც ცდილობენ, რომ განახორციელონ ქართული საზოგადოებისა და ქართველი პოლიციელების წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა, მდინარაძე აცხადებს, რომ პრემიერის გამოსვლა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სამაგალითო იყო.

"პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო სამაგალითო იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ეროვნული ინტერესებიდან გამოხვიდე და ეს იყოს პრიორიტეტი. ეს ბუნებრივია, ყველა ქვეყნის ინტერესში ზის, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობდეს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მისასალმებელია ასეთი მიდგომა. როდესაც საუბარია იმაზე, დაასანქცირებს თუ არა მაგალითად რომელიმე მიმართულებას საქართველო, პირველ რიგში, [პრემიერი] მკაფიოდ ამბობს, რომ ვერ, არ გახდება [საქართველო] სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამ მიმართულებით ჩვენი პრინციპები და პოზიცია არის ცნობილი, მაგრამ თავის მხრივ სანქციების დაწესებაზე როდესაც არის საუბარი და ეს სანქციები რომ უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ქართულ საზოგადოებას, ბუნებრივია. ქართველების დამაზიანებელ ნაბიჯებს არ გადავდგამთ და ამიტომ არ დაწესდება საქართველოს მხრიდან სანქციები. მაგალითად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებასაც კი ჩვენი ოპონენტები ისე წარმოაჩენენ, თითქოს ამერიკა დაასანქცირებს ქვეყანას, ან რომელიმე აეროპორტს და კომპანიას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა არ უწესებს სანქციებს სხვას. ალბათ ეს არის ისეთი ყალბი მოლოდინი მათი მხრიდან, რომელიც შეიცავს არდასანქცირების გამო დასანქცირების პრეცედენტს. ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს. ასეთი ნარატივის შეპარება ქართული საზოგადოებისთვის, არის შეურაცხყოფა“, - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში