ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა,  იმ დროს ომს არ მიექცა საკმარისი ყურადღება - პრემიერი

30 მაისი 2023, 11:38 765 ნახვა

მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

კონფერენციის წამყვანი დაინტერესდა, რას აკეთებს საქართველო დღეს იმისთვის, რომ ის რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს.

„მინდა განგიმარტოთ, რომ ევროკავშირი მაგალითად, ვისთანაც მე პირადად მქონდა პატივი მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში. ამას დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები დავინახოთ, ახალი ბაზრები მოვიპოვოთ. მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, როგორც ვახსენე, უკვე ვეძებთ ახალ ვარიანტებს, ალტერნატივებს და ა.შ.“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა მთავრობა ცდილობდა ომის შემდეგ, აღედგინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან.

"მათ გახსნეს უვიზო რეჟიმი, რუსეთს მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები. ამის მიუხედავად, შედარების მიზნით მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა 2,3 მილიარდი ევრო გადაუხადა რუსეთს 2008 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში - ეს არის რეალობა, მაგრამ ახლა განსხვავებული რეალობა გვაქვს. ახლა ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავღ რაიმე ძალისხმებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი შეწყდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად გამოწვევით აღსავსე დროა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ძალიან რთული დღეები გვქონდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი ომი იყო საქართველოში. დღეს შეიძლება ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

„2008 წელს ომის შემდეგ რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა და ააშენეს ორი სამხედრო ბაზა ჩვენს მიწაზე და ეს არის შედეგი იმ დამანგრეველი ომისა. იმ დროს რომ ჩვენი მთავრობა ყოფილიყო, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა. მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონია. კარგად აღჭურვილი ჯარი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარაა ქვეყანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით როდესაც პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის არც ნატოს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ის ომი დამანგრეველი იყო ჩვენთვის. შედეგი სი არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იმ დროს ომს არ მიექცა საკმარისი ყურადღება, რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები.

ჩვენი ომი იყო ომი. ახლა რასაც უკრაინაში ვხედავთ კატასტროფულია , რა თქმა უნდა, ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ვფიქრობ მსოფლიო ვერ ფიქრობდა, რომ იმ დროს ჩვენი ომი სერიოზული იყო, მაგრამ 6 წლის შემდეგ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. არავინ ფიქრობდა, რომ ის ამას გააკეთებდა, მაგრამ ეს მოხდა. ეს ჩვენთვის არ იყოს სიურპრიზი. ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს. სამი ომი გვქონდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. 90-იანი წლების დროს, როდესაც სსრკ დაიშალა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დავკარგეთ. მერე სამოქალაქო ომი და შემდეგ 2008 წელს. მიმაჩნია, რომ მსოფლიომ ვერ მიიღო ეს სერიოზულად. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში