მოლდოვაში ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს, ჩვენც მოგვანიჭონ სტატუსი - ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 19:20 730 ნახვა

მოლდოვაში ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა სრულად არის მზად, ივნისის ბოლოს დავასრულებთ ყველა პრიორიტეტის შესრულებას და შემდეგ უკვე არჩევანი, ბოლო სიტყვა იქნება ევროპაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის შემდეგ განუცხადა. 

„მქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, სიმბოლური, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, შემდეგი ეტაპის, ანუ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, დაახლოებით ივნისის ბოლოს უკვე დავასრულებთ ყველა პრიორიტეტის შესრულებას და შემდეგ უკვე არჩევანი, ბოლო სიტყვა იქნება ევროპაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ამ სიტუაციაში, ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვასა და უკრაინას მისცეს სტატუსი, ასევე მოგვანიჭონ ჩვენ, საქართველოსაც. ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც მეთანხმებიან ჩვენი კოლეგები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში