ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რასაც სჭირდება შენარჩუნება - პრემიერი

05 ივნისი 2023, 14:37 2568 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აპრილში საქართველოს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და დინამიკა ყველა ფინანსურ სექტორში ძალიან პოზიტიურია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი მშვიდობა და ის სწორი პოლიტიკაა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

„აპრილში ჩვენ 7,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელია. აპრილის თვეში ექსპორტის მოცულობა 20%-ით გაიზარდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ამ წლის პირველ კვარტალში 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება სამშენებლო სექტორში, სადაზღვევო-საფინანსო, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებში. ზოგადად, დინამიკა ძალიან პოზიტიურია და ამას შენარჩუნება სჭირდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს და ასევე, ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

„რაც შეეხება ინფლაციას. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი მთავრობის და არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, მთავრობების და, ზოგადად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკის. ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. აქვე, შედარებისთვის, მინდა, გითხრათ, რომ თუ შევხედავთ რეგიონს ან ევროპის ქვეყნების ავიღებთ, იქ ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია აქვთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ლიტვაში 15 %-მდე არის ინფლაციის დონე, პოლონეთში – 14.7%, ჩეხეთში – 12.7%, ბულგარეთში – 12%, რუმინეთშიც ანალოგიურად – 11%. ჩვენს სამეზობლოშიც საკმაოდ მაღალია ინფლაცია, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგალითად, ყაზახეთში – 16.8% და ა.შ. ჩვენთან, როგორც მოგახსენეთ, მაისში 1.5% არის ინფლაციის დონე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ეს პირდაპირ არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება"-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიზნეს სექტორი განსაკუთრებით გააქტიურებულია.როგორც მან აღნიშნა, წლის პირველ კვარტალი ბიზნეს სექტორის ბრუნვა 15%-ით გაიზარდა.

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს სექტორი ძალიან გააქტიურებულია. წლის პირველ კვარტალში ამ სექტორის ეკონომიკური ბრუნვა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი, რაც 44 მილიარდ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული.

„სამუშაო ადგილების რაოდენობა პირველ კვარტალში გაიზარდა, 42 ათასით მეტი სამუშაო ადგილი პირველ კვარტალში შეიქმნა და 716 ათასი შეადგინა. რაც პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ 2020 წელს პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვქონდა, მაშინ პანდემიის ეფექტი ჯერ კიდევ ასახული არ იყო და მაშინ 31 ათასი იყო, ეს იმ დროს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლებოდა. ახლა კი პირველ კვარტალში 42 ათასი მატება გვაქვს დასაქმების მიმართულებით, ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა.

შეიძლება ასე ითქვას, რომ დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი არის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული. ასევე, სიღარიბეც არის შემცირებული და ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული. შედარებისთვის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმუშევრობის დონე 2010 წელს 27% იყო, ახლა კი 17%-ზეა ჩამოსული. 10 წელიწადში ამხელა პროგრესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში