ტელევიზია სხვას უნდა ლობირებდეს და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებს იქით დასჭირდათ ლობისტები შელახული იმიჯის აღსადგენად - მდინარაძე

05 ივნისი 2023, 15:13 698 ნახვა

ტელევიზია სხვას უნდა ლობირებდეს და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებს იქით დასჭირდათ ლობისტები შელახული იმიჯის გამოსასწორებლად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 420 ათას დოლარად დაქირავებულ ლობისტურ კომპანია Cornerstone Government Affairs-სთან დაკავშირებით.

"ჯერ აუცილებლად ის უნდა აღვნიშნოთ, რომ აგენტების შესახებ ამერიკულ კანონს იმიტომ დაარქვეს საქართველოში ჩვენმა ოპონენტებმა რუსული კანონი, რომ ასეთი ამბები არ გამსკდარიყო, რადგან ამერიკული ანალოგიური კანონიდან ბევრი რაღაც გავიგეთ. მათ შორის ისიც, რომ თურმე „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს სჭირდებათ ლობისტების დაქირავება შელახული იმიჯის გამოსასწორებლად. ერთი ცნობილი ძველი ქართული ტელეფილმი მახსენდება, ვის უნდა უჯიკონ, თვითონ საჯიკებლებმა, ასე გამოდის ეს ამბავი. ფაქტობრივად, ამის აღიარება მოხდა, რადგან ტელევიზია სხვას უნდა ლობირებდეს და „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს იქით დასჭირდათ ლობისტები. შემდეგ, არ ვიცი, ამის გადასაფარად იყო თუ დაემთხვა, ასევე თავად საჯიკებელმა ხაბეიშვილმაც სხვებს შესთავაზა დახმარება და საჯიკებლების დღე გვაქვს დღეს, „ნაცმოძრაობის“ და მისი ტელევიზიების. ეს ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად, წარმოუდგენელი ამბავია. შეიძლება, იყოს, მაგრამ მე არ მახსენდება პრეცედენტი, როცა ტელევიზიას ვინმემ ლობისტები დაუქირავა შელახული რეპუტაციის, იმიჯის აღსადგენად. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს ეს სჭირდებათ და თავადვე აღიარეს ეს თავიანთი მოქმედებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

მდინარაძის თქმით, შეუძლებელია, ჰონორარი იყოს ამ რაოდენობის და საზოგადოებას უნდა მიანდონ განსჯა, რაში იღებს ხოშტარიას ოჯახი ამხელა თანხას.

„მორალურად რომ მუღებელია, ეს თავისთავად ასეა, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე – ვისმენთ ამ ამბის ათასგვარ ინტერპრეტაციას. სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 და მაქსიმუმ 1 000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე, ან საერთოდ 200 და 100, მაინც და მაინც ხოშტარიებისთვის 70 000 დოლარამდე გამოდის თითო ჩარიცხვა. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამის შემდეგ შეიძლება გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა, მორალურად სწორია, თუ არასწორია. სხვას რაშიც 200 დოლარი ერიცხება, ამ ხალხს ერიცხება 70 000 დოლარამდე, ოღონდ რუბლებში შესაბამისი ექვივალენტით, საზოგადოებას უნდა მივანდოთ განსჯა, რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს არის ჰონორარი. ჰონორარი თუ არის, შემდეგ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ – არა. პირადად ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ის ლოგიკა, თითქოს რაიმე სახის ჰონორართან გვაქვს საქმე. მსგავსი რაოდენობის ჰონორარი არ შეიძლება ოყოს ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. მე ვერ მექნება ინფორმაცია, რუსეთიდან ინფორმაცია აქვთ „ნაცმოძრობის“ ტლევიზიებს, ბოლოდროინდელი სიუჟეტები ამაზე მეტყველებს ხოლმე. მე მაქვს ლოგიკა და ამ ლოგიკის განვითარების სასუალება, რომ სხვა რაშიც იღებს 200 დოლარს, იმაში მეორე, სხვა მემკვიდრე, სხვა ანალოგიურ სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ვერ მიიღებენ 60-70 000, 50 000 დოლარს ყოველთვიურად და ა.შ. წარმოუდგენელია. დანარჩენი საზოგადოებას მივანდოთ განსჯა, რაში იღებს ეს ოჯახი ამხელა თანხას, როცა შეუძლებელია, ჰონორარი იყოს ამ რაოდენობის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში