თუ რაიმე აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, ეს არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება - გიორგი მსხილაძე

07 ივნისი 2023, 17:26 819 ნახვა

ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება. რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა, არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო.

"მოგეხსენებათ, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა ეროვნული ბანკის საქმიანობას. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური გამოცდილი და პროფესიონალი კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი, ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია, წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა, პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელი. რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება. რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა, არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, - განაცხადა მსხილაძემ.

„ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათქვამია: „სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას, ვერ დავუშვებთ ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში“.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში