პრემიერის ვიზიტი გერმანიაში - შეფასებები

10 ივნისი 2023, 15:05 653 ნახვა

როგორ ჩაიარა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრამ და იყო თუ არა ისეთი დაძაბული, როგორსაც ოპოზიცია აანონსებდა? - მმართველ გუნდში დღეს საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა.

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გერმანიის კანცლერს ირაკლი ღარიბაშვილისთვის რეფორმების განსახორციელებლად კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია და საქართველოს პრემიერს წამზომს ვერავინ ჩაურთავს. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ 12 რეკომენდაციის ყველა პუნქტი ივნისის ბოლომდე შესრულდება.

სხვა ინფორმაციას ავრცელებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შოლცსა და ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დაძაბული იყო, დაისვა ყველა ის კითხვა, რაც პარტნიორებს საქართველოს მიმართ აქვთ. ცნობისთვის, ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს, საათნახევარს გაგრძელდა. ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების, ევროპული პოლიტიკის საკითხებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო ევრო ინტეგრაციის მიმართულებით დგამს.

კანცლერის ოფისი აცხადებს, რომ გერმანია ევროკავშირის გზაზე, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს და ისევ მოუწოდებს თბილისს, რეფორმები მაქსიმალური მონდომებით განახორციელოს. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში