აშშ-ის ელჩი მალე შეიცვლება, კონცენტრირებული უნდა ვიყოთ არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც თანამდებობას ტოვებს, არამედ იმაზე, რომ აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა - კობახიძე

20 ივნისი 2023, 13:23 657 ნახვა

მთავარია, მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თანამდებობას, წინ უნდა გავიხედოთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომლითაც "ხალხის ძალის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს ახალი ელჩის კუთხით. ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა პირნათლად იმოქმედა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პუნქტების შესრულების კუთხით, რაზეც საზოგადოებაც არის ინფორმირებული.

"რაც შეეხება საკითხს, რამდენად კეთდება საკმარისი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები. 12 პუნქტის შესრულების ნაწილში ჩვენ პირნათლად ვიმოქმედეთ თითოეულ პუნქტთან მიმართებით. ეს არის ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოება არის ინფორმირებული. რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირება გაგრძელდება. „ედისონ რისერჩის“ შეფასებაში მე ვერ შევალ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას იმედი აქვს, მოსმენებზე რომ ობიექტური შეფასებები გაკეთდება.

"დაველოდოთ ზეპირ მოსმენას. იმედია, გაჟღერდება ობიექტური შეფასებები თითოეული იმ ნაბიჯის მიმართ, რომელიც გადაიდგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის 12 პუნქტის შესრულების ნაწილში“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ევროკომისიაში განხილვა და ზეპირი მოსმენა გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში