საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

22 ივნისი 2023, 21:02 1311 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ბრიუსელში, ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას პრესკონფერენციას გამართავს, რა დროსაც სხვადასხვა საკითხს განიხილავენ.

„მომავალ კვირას მექნება სრული პრესკონფერენცია. ცოტა ახალი ფორმატით იქნება. ყველანი იქნებით მოწვეული და ყველა საკითხის განხილვას შევძლებთ, თუნდაც დღევანდელი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში