აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი - დეგნანი

23 ივნისი 2023, 11:31 598 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი.

"ეს საქმე თავიდანვე პრობლემური იყო და ემატებოდა იმ ღრმა პოლარიზებას, რომელსაც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ვხედავთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა პოლარიზაციის შესამცირებლად საქართველოში, რომელმაც დაყო საზოგადოება, მიიყვანა გაურკვევლობამდე და რომლითაც ხანგრძლივ მოქმედ პერსპექტივაში მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ახლა ქართველებს დაყოფის დრო არ აქვთ, ახლა გაერთიანების დროა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს შეწყალების პრეროგატივა. მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. აშშ, ევროკავშირი და სხვები ძალიან მკაფიოდ გამოთქვამდნენ თავიდანვე შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით. მეგობრები გამოთქვამენ შეშფოთებას და ეს არ არის ჩარევა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს მრავალი წელი, მუშაობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის დამკვიდრებაზე.

"აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში, რამდენადაც ის მუშაობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის დამკვიდრებაზე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. უზრუნველყოფს და ახალისებს ადვოკატების პროფესიონალიზმის ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ასევე ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს, საზოგადოებას უკეთ ესმოდეს, რატომ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, პროფესიონალური მართლმსაჯულება მნიშვნელოვანი საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. ასევე საქართველოს ძლიერი დემოკრატიისთვის.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული გასული ათწლეულების განმავლობაში და ძალიან ამაყი ვართ, რომ აშშ მუშაობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან 2005 წლიდან ეთიკური ნორმების განვითარებაში და სხვა სამართლებრივი პრაქტიკების, რომლებიც სამართლებრივი პროფესიის პროფესიონალიზმს უზრუნველყოფენ. მოხარული ვართ აქ ყოფნით და მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განვითარებით. დღეს აქ ყოფნა აჩვენებს, რამხელა პროგრესს მიაღწია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ როგორც დამოუკიდებელმა, თვითრეგულირებადმა ერთეულმა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში