ბადრი ესებუას 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

23 ივნისი 2023, 18:00 850 ნახვა

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  სასჯელის სახით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მანამდე ბადრი ესებუამ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. 

ესებუამ პროკურორებს მიმართა და მათ კანონს ამოფარებული ბოროტმოქედები და კრიმინალები უწოდა.

"საშინელი ბრალდება წამიყენა ქალბატონმა მირანდამ. ტერორიზმში თქვენ გედებათ ბრალი. ჩემი ოჯახი თქვენ დაატერორეთ, ჩემი ძმა დაიჭირეთ, მამაჩემს დაარბენინებდით, 9 ჯერ აქვს კაცს ინსულტი გადატანილი. ჩემი მეორე ძმაც წაიყვანეთ, აწამეთ. ჩემი რძალიც წაიყვანეთ ბავშვით, 5 თვის ბავშვი არ დაინდეთ, რა დანაშაულზე ლაპარაკობთ, ნამუსი არ არსებობს ამ ქვეყანაზე? ეს არის უკვე პიკი, როცა დამნაშავე ხარ და ბრალს სხვას უყენებ...

ცრუ ბრალდებებს დაანებეთ თავი და თქვენ თავს მიხედეთ. თქვენ ყველაფერზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. სხვისკენ არ გაიშვიროთ ხელი, თქვენ ხართ კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი, კრიმინალები"- განაცხადა ბადრი ესებუამ.

გამოძიების მტკიცებით ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში