ყველა შემთხვევაში დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, ჩვენ ვხედავთ ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი - კობახიძე

27 ივნისი 2023, 12:51 602 ნახვა

ყველა შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამოც, ვხედავთ ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავის დროზე, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებაში შესაბამისი პუნქტი ჩაიდო, ამ პუნქტის მიზანი სწორედ ცესკო-ში ინსტიტუციური კრიზისის შექმნა იყო, რის გამოც პირველად პროექტს უმრავლესობამ არ მოაწერა ხელი.

"ყველა შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამოც. რეგლამენტში ცვლილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ამ პროცედურას, უკვე ამოქმედებულია, შესაბამისად, ვეტო თუ არ დაიძლევა, გამოვა, რომ არსებობს უბრალოდ პროცედურა, რითაც მოხდება ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ტექნიკური მიზეზით. თუმცა, მთავარი ის არის, რომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს, ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი.

თავის დროზე, როდესაც შესაბამისი პუნქტი ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ამ პუნქტის მიზანი სწორედ ეს იყო – ცესკო-ში ინსტიტუციური კრიზისის შექმნა. სწორედ ამის გამო, ჩვენ პირველად პროექტს არ მოვაწერეთ ხელი და მხოლოდ გადასინჯულ ვერსიას მოვაწერეთ ხელი. ახლაც ვხედავთ ზუსტად იგივე ინტერესს და სწორედ ამის გამო გვჭირდება ვეტოს დაძლევა. ჩვენ ყველას განვუმარტავთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზებს. ასევე თუ სადმე იქნება კონსულტაციების საჭიროება, ჯერ არის დრო და გავაგრძელებთ კონსულტაციებს. ამ ეტაპზე, უბრალოდ ვეტო არის დასაძლევი. შემდეგ, თუ იქნება რაიმე არგუმენტები, კონსულტაციების მოთხოვნა და ასე შემდეგ, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

 კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოც კი არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარსს.

"წარმოიდგინეთ, პრეზიდენტმა დაადო ვეტო და ეს ვეტოც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარსს. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება მხოლოდ საბაბია. ჩვენთვის არავითარი ღირებულება არ აქვს 19 აპრილის შეთანხმებას, ერთი იმის გამო, რომ ის არის ანულირებული, არავითარი პოლიტიკური დატვირთვა აღარ აქვს, მეორე – გახსოვთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება იყო საბოტაჟის შედეგი და ამ საბოტაჟის მხარდაჭერის შედეგი. აქედან გამომდინარე, ვერც პოლიტიკური, ვერც მორალური თვალსაზრისით, ჩვენთვის ვერავითარი ღირებულება ვერ ექნება 19 აპრილის შეთანხმებას. უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამ პროცესების გათვალისწინებით ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს შევალთ ასეთ მოლაპარაკებებში და აღარ დავდებთ ისეთ შეთანხმებას, როგორიც იყო 19 აპრილის შეთანხმება. ევროკავშირის სტრუქტურებთან ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში