„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელის“ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან - პრემიერი

30 ივნისი 2023, 13:13 1881 ნახვა

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელის“ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება.

„რაც შეეხება ენერგეტიკას და ტრანსპორტს, მე მინდა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე. შარშან ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დავაინიცირეთ. ეს არის ქართული ინიციატივა, ეს შეეხება „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელს“. ეს პროექტი ჩვენ განვიხილეთ და მე ვიყავი პირადად ჩასული ბრიუსელში. 2021 წლის აპრილში და ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს იყო, როდესაც ჩვენ ვარჩევდით მსხვილ პროექტებს. ჩვენ თავიდანვე მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან. შემდეგ აქტიური თანამშრომლობა გავაგრძელეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და შარშან ხელი მოეწერა მემორანდუმს. ახლა აქტიურად მიმდინარეობს შესწავლა. ჩვენ ველით, რომ სექტემბერში გვექნება უკვე კვლევის შედეგები და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე. სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობის დაფინანსებით წელს დაიწყება.

"ანაკლიის პორტის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. ამ საკითხების დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი. თუმცა, ამ ეტაპზე, არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით. მინდა გითხრათ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წელს ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად, პარალელურად გავაგრძელებთ ინვესტორებთან მოლაპარაკებას“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება. მისივე თქმით, მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს - უკვე არსებული აეროპორტის გაფართოებას, ან ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას.

„ჯამურად აეროპორტების მგზავრთნაკადი დაუბრუნდება პანდემიამდელ მონაცემებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს. ერთი ვარიანტი არის არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა, ამ ვარიანტს აქვს უფრო მეტი მინუსები. გვაქვს მეორე, ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია. საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყოთ 2024 წელს. მანამდე, რა თქმა უნდა, პროექტირებას დასჭირდება დრო და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას. ჩვენი ამბიციაა და ეს განვაცხადეთ უკვე, გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არა მხოლოდ პირდაპირ ფრენებს, არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდ ნაკადებსაც. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში