მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რაც ჩვენ შევძელით, მშვიდობის გარეშე არც ეკონომიკური განვითარება იქნება და ყოველგვარი პერსპექტივა დაეკარგება ქვეყანას - პრემიერი

01 ივლისი 2023, 00:40 609 ნახვა

მიუხედავად ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის მცდელობისა, მათი პროვოკაციებისა, საინტერესო დღე გვქონდა. მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ჩვენ ხალხს და დეპუტატებს, პარლამენტს ჩავაბაროთ ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

„მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა მიღწევებზე. ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის. ქვეყანაში რჩება ბევრი გამოწვევა, როგორებიც არის სიღარიბე, უმუშევრობის კვლავაც მაღალი დონე, სხვა გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ქვეყნის გამთლიანებას, გაერთიანებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მოსალოდნელ შედეგზე, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი ერთად ვმუშაობთ. მთლიანობაში, მინდა, ვთქვა, რომ მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რაც ჩვენ შევძელით, შევინარჩუნეთ, განვამტკიცეთ სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. მშვიდობის, სტაბილურობის გარეშე არც ეკონომიკური განვითარება იქნება, არც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და საერთოდ ყოველგვარი პერსპექტივა დაეკარგება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში