ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ, შესაბამისად, საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს - ირაკლი კობახიძე

04 ივლისი 2023, 10:44 791 ნახვა

ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება ფაქტებზე თუ იქნება დაფუძნებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად ეკუთვნის.

"ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება. რეალურად, შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრია, რომ საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონმდებლობის შემუშავების კუთხით დღემდე ყველაფერი გაკეთებულია.

"რამდენად არის ერთმანეთთან თავსებადი ევროკომისრის და ჩვენი შეფასებები – მე არ მგონია, რომ არის შეუთავსებლობა და ავხსნი რატომ – ერთი მხრივ, არის ციფრები, რომლის თანახმადაც, სამი სრულად შესრულდა და დანარჩენი არასრულად არის შესრულებული, თუმცა რაში ვხედავთ თანხვედრას, დღემდე რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი პრაქტიკული კუთხით დღემდე, ეს იყო არსებითად კანონმდებლობის შემუშავება, ყველაფერი გაკეთდა. თუ დააკვირდებით რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობა კარგია, მაგრამ პრაქტიკაში აღსრულება არის საჭირო.

 

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ჩვენ ვთანხმდებით შეფასებაზე, კანონმდებლობა არის მოწონებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ რაც დღემდე შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ის გაკეთდა, ანუ კანონმდებლობა შემუშავდა. იგივე ეხება რეგლამენტის რეფორმას. აქაც რეგლამენტი დაიხვეწა. რატომ გვეუბნებიან, რომ ჯერ სრულად არ არის შესრულებული, რადგან პრაქტიკაში უნდა დაინერგოს ეს ყველაფერი. დღემდე რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არსებითი ამოცანა იყო კანონმდებლობის გადასინჯვა, ეს უკვე გაკეთდა. რაც შეეხება ევროკომისარ ვარჰეის, ის გვეუბნება, რომ კარგია კანონმდებლობის გადასინჯვა, მაგრამ ახლა საჭიროა ამ ყველაფრის აღსრულება.

 

18 წინადადებიდან, რაც წარმოადგინა ვარჰეიმ, უმეტესობა უკავშირდება სწორედ პრაქტიკის გაუმჯოებსებას. ამიტომ არის თანხვედრა ჩვენ შეფასებებს შორის. ვთანხმდებით, რომ კანონმდებლობა რაც შემუშავდა აქამდე, არის კარგი, არის დამატებითი სამი რეკომენდაცია კანონმდებლობის კუთხით, რაც აქამდე გაკეთდა ამაზე გვაქვს უკვე პოზიტიური შეფასება, ახლა გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა დაინერგოს, საერთოდ არ არის შეუთავსებლობა ევროკომისარ ვარჰეის შეფასებასა და ჩვენ შეფასებას შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის არმონიჭება საერთაშორისო კუთხით იქნება ძალიან ცუდი სიგნალი.

"რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმინიჭებას, ამ ეფექტს საერთშორისო კუთხით და კითხვას, იქნება თუ არა ეს რუსეთისთვის საჩუქარი, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი, შარშან ივნისშიც ეს იყო ძალიან ცუდი სიგნალი და წელსაც რომ დავუშვათ ჩვენ ასეთი გადაწყევტილება, ეს იქნება ცუდი სიგნალი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, როგორც მოყვრისთვის, ასევე არამოყვრისთვის.

 

რაც შეეხება იმას, რამდენად იქნება პოლიტიკური ეს გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებენ დეკემბერში, რა თქმა უნდა, თავის შინაარსით პოლიტიკურია, რომელიც იქნება მიღებული. თავიდან იქნება წარმოდგენილი ევროკომისიის ანგარიში დეტალური შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ 12 პუნქტის სრულად შესრულებას არც კი მოითხოვს  კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უფრო მეტიც, უკრაინას და მოლდოვას უკვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს. მაშინაც თქვეს, რომ ანალოგიურად 75% არის შეუსრულებლობა შესაბამისი პუნქტების, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, ასეთი მოთხოვნა არც კი დაუყენებია ვინმეს, რომ 100 პროცენტით უნდა შესრულდეს 12-ვე პრიორიტეტი იმისათვის, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ამის მიუხედავად, ჩვენ დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს.

 

ირაკლი კობახიძემ მეორე პრიორიტეტზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პარლამენტის რეგლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან მთლიანად თავსებადია.

„მეორე პრიორიტეტი უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლებას, რაც მოიცავდა რამდენიმე ასპექტს. პირველი იყო საპარლამენტო ზედამხედველობა და პირველ რიგში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი უკავშირდებოდა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ ჩვენი გეგმა. საბოლოო ჯამში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიზანი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. ზოგადად ამ მიმართულებით გვქონდა ჩვენ ისედაც ხელშესახები პროგრესი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია 2018 წელს, თუმცა დამატებით დაიხვეწა რეგლამენტის კონკრეტული ნორმები. დეტალებში არ გავყვები კონკრეტულ ცვლილებებს, მაგრამ მაგალითად ინტერპელაციის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა.

 

თქვენ გახსოვთ, წლების განმავლობაში არც პრემიერები, არც მინისტრები არ მოდიოდნენ პარლამენტში იმისათვის, რომ წარმოედგინათ ანგარიშები პარლამენტის, საზოგადოების წინაშე. დღევანდელი მოცემულობით, თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ან წარადგინოს მთავრობის ზოგადი ანგარიში. ყოველთვიურია უკვე ეს ინტერპელაციები რაც არის შემოღებული რეგლამენტის დონეზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ოპოზიცია ხელში. თუ ოპოზიცია შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, რა თქმა უნდა, მისთვის არის გზა ხსნილი. მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში. მაგალითად ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა, ერთ დღეში ერთზე მეტი მინისტრის საათის გამართვა არის დაუშვებელი. საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები. მაგალითად დაზუსტდა ვადები, რაც დაკავშირებულია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მოწვევასთან კომიტეტის სხდომაზე, ასევე დადგინდა პროაქტიული ანგარიშგების წესი. კომიტეტი ვალდებულია პროაქტიულად წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტმა შესთავაზა ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართვა, თუმცა რამდენიმე პარტიამ თქვა უარი, რაც იყო პირდაპირ დეპოლარიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.

„რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ 12 პუნქტის გარშემო, ეს იყო ოპოზიციის სათანადო ჩართულობა ამ 12 პუნქტის შესრულებაში. პარლამენტმა ყველას შესთავაზა, ნებისმიერი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია ჩართულიყო სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, თუმცა, რამდენიმე პარტიამ თქვა უარი ჩართულობაზე. ესეც იყო პირდაპირ დეპოლარიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით დაიწყო პოლარიზაციის ხელშემწყობი ქმედებებისა და განცხადებების მუდმივი მონიტორინგი. შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა ყველა დაინტერესებულ მხარეს, უფრო ღრმად გასცნობოდნენ ამ მონიტორინგის ანგარიშს, თუმცა, ინტერესი იყო ძალიან შეზღუდული - მიზეზებზე ერთად შეიძლება ვიმსჯელოთ. რაც შეეხება ხმის მიცემის სტატისტიკას, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა 17-ვე ინიციატივას. „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერდნენ 14 ინიციატივას, „ლელო“ - 9 ინიციატივას, დამოუკიდებელი დეპუტატები (სამნიძე, აქუბარდია, კორძაია) - 9 ინიციატივას, „მოქალაქეები“ - 7 ინიციატივას, „გირჩი“ - 5 ინიციატივას, „საქართველოსთვის“ - 4 ინიციატივას, „ნაცმოძრაობა“ - 2 ინიციატივას, „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი 1 ინიციატივას. დაახლოებით აქედან ჩანს ამა თუ იმ პარტიის დამოკიდებულება 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებული პროცესის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის საკითხს ბოროტად იყენებს, რათა პოლარიზაცია გააღვივოს.

"ხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის, თვეების განმავლობაში მთავარი თემა, რაზეც რადიკალური ოპოზიცია აგებს პოლარიზაციის კამპანიას, სწორედ კანდიდატის სტატუსია. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან თემასაც კი ბოროტად იყენებენ, რათა პოლარიზაცია გააღვივიონ. ეს არის მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელში, რომლითაც აღვივებენ პოლარიზაციას. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის ავტომატურად შეცვლის ამ მდგომარეობას. ბოლომდე ვერ დაასრულებს პოლარიზაციას, მაგრამ არსებით ცვლილებას შეიტანს იმ მდგომარეობაში, რაც დაკავშირებულია პოლარიზაციასთან. ამ კუთხითაც უნდა გვქონდეს იმედი, რომ, საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციას მართავს, სადაც საზოგადოებას ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას აცნობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში