უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია, თუმცა ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში - კობახიძე

04 ივლისი 2023, 11:11 763 ნახვა

სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია, ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს რაც შეეხება, რომელიც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. მაგრამ, ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი.

შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავად აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართული იყვნენ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. თუმცა, ამაზე ღრმად არ მინდა, შევიდე ამ თემაში. ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დაავალა, რომ დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა გამოხატონ მკაცრი პროტესტი და სთხოვონ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში