ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

05 ივლისი 2023, 18:20 756 ნახვა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) ბიუროს წევრები და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ფრანსის დრუენს და ბიუროს წევრებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ოკუპაციის შედეგებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

„მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თვალით ნახეს არსებული სიტუაცია. ვიმედოვნებთ, რომ ასამბლეაში შემავალი წევრების მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა განაცხადა, ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ჩვენ ადგილზე გავეცანით ვითარებას, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, რომელიც ხშირად გატაცების მსხვერპლია. ვნახეთ რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში