დარწმუნებული ვარ, სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიან გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მათ შორის ნატო-ს სამოქმედო გეგმის საჭიროების მოხსნის შესახებ - იენს სტოლტენბერგი

11 ივლისი 2023, 11:38 651 ნახვა

დარწმუნებული ვარ, სამიტზე უკრაინის საკითხზე მტკიცე და ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ, მათ შორის ნატო-ს სამოქმედო გეგმის საჭიროების მოხსნის შესახებ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მოდერატორმა იენს სტოლტენბერგს კითხვა დაუსვა, მიიღებს თუ არა ალიანსი სამიტზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას.

„დარწმუნებული ვარ, სამიტზე უკრაინის საკითხზე მტკიცე და ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისევე როგორც უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შენარჩუნებასა და გაძლიერების, ნატო-ს წევრობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ოსლოში, მაისში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე პაკეტის მიღების წინადადებით გამოვედი, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ უკრაინის ნატო-ში წევრობის საკითხთან დაკავშირებით. ეს პაკეტი შედგება სამი ელემენტისგან.

 

პირველი არის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება, რათა გვქონდეს პროგრამა, რომლითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად ურთიერთთავსებადი გახდება ალიანსის ძალებთან; მეორე ელემენტი არის პოლიტიკური კავშირების განმტკიცება, რაც გულისხმობს ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნას და ამ საბჭოს პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება. ეს იქნება ახალი უწყება, რომელშიც უკრაინა და ნატო-ს წევრები ხვდებიან, როგორც თანასწორები; მესამე ელემენტი გახლდათ ნატო-ს სამოქმედო გეგმის საჭიროების მოხსნა, რადგანაც უკრაინამ ძალიან დიდი გზა გამოიარა მას შემდეგ, რაც ჩვენ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ნატო-ს სამოქმედო გეგმა ანუ MAP-ი. უკრაინა დღეს გაცილებით ახლოს არის ნატო-სთან და დადგა დრო, რომ ეს აისახოს ალიანსის გადაწყვეტილებებშიც. ეს ყველაფერი ერთად იქნება ძალიან მტკიცე გზავნილი უკრაინისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრმა ქვეყებმა უკრაინის მხარდაჭერის უდიდესი ნება გამოვალინეს.

სტოლტენბერგის თქმით, სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ეს მხარდაჭერა ახლაც ძალიან მტკიცეა, თუმცა ცხადია, ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია.

„უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მტკიცეა, რადგან ხალხი უკრაინის მიმართ სოლიდარულია. ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, თუ პუტინი გაიმარჯვებს. ასევე, ხალხი ხვდება ძალიან მარტივ ფაქტს, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ უკრაინელებისთვის არ იქნება ცუდი, ეს იქნება სახიფათო ჩვენთვისაც, რადგანაც ეს იქნება გზავნილი ყველა ავტორიტარი ლიდერისთვის, რომ როდესაც ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობას და იჭრებიან სხვა ქვეყანაში, მაშინ ისინი იღებენ იმას, რაც სურთ. ეს კი, მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის და ჩვენ უფრო დაუცველები ვიქნებით. ასე რომ, ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე განცხადებით, ნატო-ს სამიტიდან მთავარი მკაფიო გზავნილი იქნება, რომ ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას და შეინარჩუნებს ამ მხარდაჭერას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში