სამარცხვინოა, რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, ამ ყველაფრის მიზანია არეულობის შემოტანა - ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2023, 12:48 718 ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა მოიფიქრა, რომ ყოველდღე აღარ კვდებოდეს, თუმცა, რაღაც დროში ეს გადაწყვეტილება შეცვალა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც 44 ევროდეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია განცხადებაზე, რითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

"ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. გახსოვთ, 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ყოველდღე აღარ კვდებოდეს, თუმცა რაღაც მომენტის შემდეგ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ოდიოზური ევროპარლამენტარები რასაც აკეთებენ, არა მარტო აბსურდი, არამედ სამარცხვინოა. ეს თამამად შეიძლება ითქვას. ამ ყველაფრის მიზანია პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა,ჩვენ ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანი არის საპირისპირო, ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ქვეყნის არევა, არამედ მშვიდობა გვინდა ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე, ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, ის იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის რადისა და ევროპარლამენტარების გავლენის ქვეშ არ მოექცევა და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ინტერესშია.

"იმ ფაქტში, რომ უკრაინის რადამ სააკაშვილის შეწყალების გეგმის პროექტი დააინიცირა, კოორდინაცია ჩანს. თუ დააკვირდებით, ამ კოორდინაციაში, მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები არიან ჩართულები. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მეორე ფრონტისკენ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რა დგას გადაწყვეტილებების უკან.

რაც შეეხება იმას, მოექცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი გავლენის ქვეშ, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ინტერესშია. ის იმოქმედებს არა კონკრეტული ადამიანების, არამედ ქვეყნის ინტერესის კარნახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში