სააკაშვილთან პოლონელი ექიმების განმეორებით შესვლაზე მომართვა ჯერ არ გვქონია, თუმცა ეს მარტივი ვეღარ იქნება, უხეშად ისარგებლეს კეთილგანწყობით და ყველანაირი ნორმა დაარღვიეს - რატი ბრეგაძე

14 ივლისი 2023, 21:25 734 ნახვა

სააკაშვილთან პოლონელი ექიმების განმეორებით შესვლაზე ჯერ მომართვა არ გვქონია, თუმცა ეს მარტივი ვეღარ იქნება. მათ უხეშად ისარგებლეს ჩვენი კეთილგანწყობით და ყველანაირი ნორმა დაარღვიეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობა ეთიკის და სამედიცინო სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევაა.

„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი ამ ადამიანებს, შესულიყვნენ და გაესინჯათ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ერთ-ერთი ექიმის მხრიდან განხორციელდა სრულიად გაუგებარი აქტი. სააკაშვილთან განმეორებით შესვლაზე მათი მხრიდან მომართვა ჯერ არ გვქონია, თუმცა აწი ეს მარტივი არ იქნება, რადგან მათ უხეშად ისარგებლეს ჩვენი კეთილგანწყობით და ყველანაირი ნორმა დაარღვიეს. ეს ყველაფერი არის გადასახედი. ვთხოვე საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია და თუ იქნება მოთხოვნა, ამაზე შემდეგში ვიმსჯელოთ, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, მარტივი ვეღარ იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს არავის გაუკვირდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში